24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წესების დაცვით მუშაობას გააგრძელებენ აგრარული ბაზრები.
„მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ, რომ სამწუხროდ, იქ ვერ იქნება დაცული ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის. ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული. მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურად ვაჭრობის საშუალება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება და ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში და რომელი მსუბუქდება, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.