ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უმცირესობებს რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრება კომენდანტის საათის პერიოდში დროებითი საშვის საშუალებით შეეძლებათ. ცქიტიშვილი მიმართავს კონფესიებს, მიაწოდონ მრევლის სია. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის, მათ შორის სახალხო დამცველისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ჩვენ ვთხოვთ კონფესიებსაც, რომ მიაწოდონ თავისივე მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რათა მათ თავიანთ რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუვების პირველი ტალღის დროსაც, აქ არაფერი უჩვეულო არ არის, გახსოვთ მაშინ გვქონდა აღდგომა, რომელიც ასევე არ ემთხვევა როგორც კათოლიკურ რელიგიაში ასევე გრიგორიანული კალენდრის მიხედვით. შესაბამისად იგივე პრაქტიკა იქნება გამოყენებული ამჯერადაც. არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ არც მაშინ ჩვენს თანამოქალაქეებს რაიმე პრეტენზია და გარწმუნებთ, არც ახლა ექნებათ,“- განმარტავს ცქიტიშვილი.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხი სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს.
„კათოლიკურ შობას დასვენების დღე არ გვაქვს. მთელი საქართველო არ აღნიშნავს კათოლიკურ შობას და შესაბამისად, ამიტომაც არ გვაქვს დასვენების დღეები და ამიტომ ნუ შევქმნით სპეკულაციას და პრობლემას იქ, სადაც არ არსებობს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეების ყველა უფლებას ვიცავთ, მათ თავისუფალი რელიგიური აღმსარებლობის უფლება აქვთ. კათოლიკურ შობას თუ გრიგორიანულ შობას მათ ექნებათ საშუალება, მივიდნენ ეკლესიაში შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების პერიოდში, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ ახალი წლის და მართლმადიდებლური შობის (6 იანვრის) ღამეს მოიხსნება. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილის, მათ შორის სახალხო დამცველისა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ საქართველოს ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს ღია წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნავს რომ მთავრობის ამგვარი გადაწყვეტლება დისკრიმინაციულია რელიგიური უმცირესობების მიმართ.