ტიკარაძე: „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული ონლაინ კლინიკების რაოდენობა გაზაფხულის შემდეგ 25-დან 65-მდე გაიზარდა

375

პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალი წევრები სამთავრობო პროგრამას წარადგენენ. მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის როლზე. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორს კოვიდის მართვაში უდიდესი როლი აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. უწყების პირველი პირის განცხადებით, თავდაპირველად პროცესში 25 ონლაინ კლინიკა იყო ჩართული, დღეისათვის კლინიკების რაოდენობა კი 65-მდეა გაზრდილი.

„პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა.

დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.