ჩხენკელი: სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ

571

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდათ. ჩხენკელის ინფორმაციით, სოციალური დახმარებით 14799 სტუდენტმა ისარგებლა.

ამის შესხებ მან პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, გარდა იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მყისიერად გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ასევე უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანება. შემუშავდა ტრენინგ-კურსი „COVID-19“, რომლითაც გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები. გადამზადებული სტუდენტები მოხალისეობრივად უკვე ჩაერთვნენ კოვიდის მართვის პროცესში,”- განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები. მათ შორის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებულ სტუდენტებზე გაცემულ სახელმწიფო სტიპენდიებს 16 უმაღლესი სასწავლებლის 3243 სტუდენტი მიიღებს. გაიცემა ასევე დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები – 2020-21 სასწავლო წელს ამ სტიპენდიით 6 სტუდენტი ისარგებლებს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსდნენ 13 მოწყვლადი კატეგორიის სტუდენტები, მათ შორის, შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, მრავალშვილიანები და ა.შ. 2020-2021 სასწავლო წელს გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება, ასევე, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და ა. შ.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, 2020 წლის გამოცდების მაქსიმალურად უსაფრთხოდ და სრულყოფილად ჩატარებისთვის, საგანგებო მზადება პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. შედეგად, დადგენილ ვედებში გამოცდები ჩატარდა მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით.