კაპანაძე: ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით მოქმედებენ

1078

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავის პოზიციას არ შეიცვლის.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილებები და პარლამენტში შევიდნენ. მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყდებათ დაფინანსება და „ნაცინალურ მოძრაობას“ საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, რაც რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება. ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით. მათ თუ უნდათ კრიზისის განმუხტვა, გამოსავალი იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები და ამაზე შეთანხმება ჩვენი პარტიონი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით და არა მუქარა, დაფინანსების გაუქმება და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან მოხსნა. თუ ამას გააკეთებენ, ბუნებრივია ეს იქნება მორიგი დადასტურება იმ დიქტატურის გზის, რომელზეც ივანიშვილი შედგა და რომლიდანაც ყველას ერთად მოგვიწევს, რომ ჩავხსნათ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მთავარი საკითხი ახალი არჩევნები უნდა იყოს.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, ჩვენი მხრიდან მონაწილეობა დადასტურებული გვაქვს, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, მაგრამ პირველ რიგში არჩევნების თემა და ამის ირგვლივ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიყოთ კონსტრუქციულად ჩართულები. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება განხილვის თემა, მაშინ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს. აქვე, ევროკავშირის ელჩსაც დავესესხები, რომ ძალიან ართულებს ამ მოლაპარაკებების პროგრესს ის ინიციატივები,რომლებიც შემოიტანა „ქართლმა ოცნებამ“ და რომლითაც ამაყობს ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ასევე, პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება. ხოლო, პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.