საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. როგორც კანონოპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტით მკაფიოდ არის გათვალისწინებული რა შემთხვევაში შეუწყდება პარტიას და კონკრეტულ დეპუტატს დაფინანსება.
მისივე განცხადებით, თუკი რომელიმე პარტია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეწევა როგორც მათი წარმომადგენლობის, ასევე, პარლამენტის საბოტაჟს, ის უგულვებელყოფს ხალხის ნების განხორციელებას და დაფინანსების მიზნობრიობა არის კონტრპროდუქტიული, შესაბამისად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს.
„ეს უკავშირდება საკითხს, რომელიც ბიუჯეტიდან პარტიისთვის დაფინანსების საკითხს შეეხება. ჩვენი საზოგადოებისთვის რომ იყოს მკაფიო და ნათელი ისევე, როგორც ოპოზიციისთვის, ვინაიდან სამწუხაროდ, ისინი ცდილობენ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და სცადონ მათი შეცდომაში შეყვანა გეტყვით, რომ პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში: საქართველოს კონსტიტუციით დამტკიცებულია პრინციპი, რომ შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა გაატაროს ხალხის ნება, ხალხის ძალაუფლება და მათი ნება უნდა განხორციელდეს სწორედ მათ მიერ არჩეული შესაბამისი პირების მეშვეობით. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომ ხალხის ნება განახორციელოს პარტიამ პრაქტიკაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარტია და აქ არ არის სწორება კონკრეტულ პარტიაზე, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეწევა როგორც მათი წარმომადგენლობის, ასევე პარლამენტის საბოტაჟს, ის უგულვებელყოფს ხალხის ნების განხორციელებას და დაფინანსების მიზნობრიობა არის კონტრპროდუქტიული და შესაბამისად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. ეს არსი დევს ამ პროექტში. საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვინმეს ვუწყვეტთ დაფინანსებას. აქ არ არის არანაირი საკითხი იმასთან, რომ ჩვენ დღეს ვუწყვეტთ ვინმეს დაფინანსებას. ეს არ ითვალისწინებს უკუძალის პრინციპს. შესაბამისად, ყველა პარტიას და დეპუტატს ექნება არჩევანის თავისუფლება მომავალში წარმოშობილ ურთიერთობებზე გადაწყვიტოს, სურს ხალხის ნების განხორციელება, თუ სურს დაუპირსპირდეს ხალხის ნებას და შესაბამისად, დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს. აქედან გამომდინარე ყველას შეუნაჩუნდება არჩევანის თავისუფლება. უნდა შევთანხმდეთ იცავს თუ არა რომელიმე პარტია დემოკრატიის პრინციპს და ამ პარტიას უნდა მიეცეს დაფინანსება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილმა განმარტა, რომ ინიციატივაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ თუ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც, ვინც დეპუტატები გახდნენ, თუ შეიწყვეტენ უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია დაფინანსების შეწყვეტა.
„პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, ეს უნდა შეუნარჩუნოს, უფლებამოსილება არ უნდა შეიწყვიტოს და ხალხის ნება უნდა წარმოადგინოს. თუ ამაზე უარს იტყვის, გათვალისწინებულია დაფინანსების შეწყვეტა. თუ პარტიის წევრთა ნახევარი მაინც, ვინც დეპუტატები გახდნენ, თუ შეიწყვეტენ უფლებამოსილებას, ამით საბოტაჟს გამოუცხადებენ საკუთარ ხალხს და დემოკრატიის პრინციპს, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია დაფინანსების შეწყვეტა.
ასევე, არჩეული პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით თუ გააცდენს წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია პარტიისთვის დაფინანსების შეწყვეტა. უნდა შევთანხმდეთ ხალხის ნების და პარლამენტის საბოტაჟი ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს თუ არა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა.
თავის მხრივ, კანონპროექტზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ თუ დეპუტატი არასაპატიო მიზეზით აცდენს პლენარულ სხდომებს, მას სახელფასო უზრუნველყოფა უნდა მოეხსნას და ეს წესი ვრცელდება აგრეთვე საპარლამენტო სესიებს შორის არდადეგებზეც.
„ვფიქრობ, ესეც სრულად ჯდება როგორც სამართლიანობის პრინციპში, ასევე სახელმწიფო სახსრები უნდა იყოს იმ მოვალეობების შესასრულებლად რაც პარლამენტის წევრს ეკისრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის ინიციატორებიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.
ინფორმაციითვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ასევე, პარლამენტის წევრს, რომელიც თვის განმავლობაში ყველა პლენარულ სხდომას გააცდენს, ხელფასი სრულად დაუკავდება. ხოლო, პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს.