კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სლესის ციხეზე: განისაზღვრა სამომავლო ქმედებების გეგმა და საჭიროებები

419

წინა სტატია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  სლესის ციხესთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, ძეგლზე არსებული მდგომარეობა სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის არქტიტექტორ-რესტავრატორის მიერ უკვე შეფასდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„სლესის ციხის კოშკის სამხრეთ-დასავლეთი ფრაგმენტი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ადგილობრივად მცხოვრებ თვითმხილველთა განმარტებით, ნგრევა ქვის საპირე წყობაზე დაცემულმა მეხმა განაპირობა“,-ნათქვამია  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

წინასწარი მონაცემებით, სლესის ციხის არქეოლოგიური გაწმენდის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტი 2 წელიწადს გასტანს.

პროექტს. სავარაუდოდ, ‘ფონდი ქართუ” დააფინანსებს.

„ნაგებობის საკონსერვაციო პროექტის მომზადებას სააგენტო 2021 წლის პირველივე თვეებში უზრუნველყოფს, რომლის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოები უკვე გაზაფხულიდან დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაცია 1948 წელს არქიტექტორ ვ. წილოსანის მიერ გამოხაზულ ანაზომებსა და 1977 წელს განხორციელებული რეაბილიტაციისას რესტავრატორთა ჯგუფის მიერ შესრულებულ ანგარიშებს დაეფუძნება, რომლებიც სააგენტოს არქივშია დაცული“.

ასევე, ციხის ტერიტორია ქვის ნაშალი და მიწაყრილი ფენებისაგან არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდება. დეგრადირებულ არეალებზე საპირე ქვები მოიხსნება და ახალი წყობებით აღდგება.

„რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდება კლდის ეროზირებული და გამოფიტული ქანები, რომლებიც ნალექის ზემოქმედების შედეგადაა დაშლილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

საფორტიფიკაციო ნაგებობის შიდა სივრცე და მიმდებარე არეალი ხე-მცენარეებისაგანაც გასუფთავდება, რაც არქიტექტურული ძეგლის ვიზუალურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს. გაწმენდის თანმდევად შესამუშავებელი სარებილიტაციო-საკონსერვაციო პროექტი სლესის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ტურისტულ სივრცედ ადაპტირებასაც მოიცავს“.

აწყურთან სლესის ციხის კოშკის ნაწილის ჩამონგრევის ამბავი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.