შუა საუკუნეებით დათარიღებული სლესის ციხის კოშკის კუთხე ჩამოინგრა. ინფორმაცია ფეისბუქში არჩილ მაისურაძემ გაავრცელა. მაისურაძის თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ციხესიმაგრე ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო. ამის შესახებ on.ge წერს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი ინსპექტირების ჯგუფები, სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე ხვალვე ჩავლენ და ციხის სტრუქტურას შეისწავლიან.
სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ On.ge-ს უთხრა, რომ მომდევნო წლიდან სლესის ციხის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია, გადაუდებელ რეჟიმში დაიწყება.
სლესის ციხეს მოქცევის ციხესაც უწოდებენ. ის ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრისა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე.