გორში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

389

ქალაქ გორში ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში იგეგმება. გორის მერიის ინფორმაციით, ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად შეუნარჩუნდება მისი პირვანდელი ისტორიული სახე. მათივე ცნობით, პროექტირებაში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

„ძველი ხიდი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრატით ხორციელდება. პროექტის მიზანს ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358836,36 ევროს შეადგენს. პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც 59 თვეს შეადგენს, 2022 წლის 31 დეკემბერს სრულდება.

გორის ძველი ხიდი 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს“, – აცხადებენ გორის მერიაში.