დავით გაბაიძე: აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქმიანობა გააგრძელა

462

აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქმიანობა გააგრძელა, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გაბაიძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც უმაღლეს საბჭოში შესვლაზე ოფიციალურად უარი განაცხადეს.

დავით გაბაიძის თქმით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რისთვისაც პასუხს აგებს.

„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა, ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. ხალხის მიერ ნდობა გამოცხადებულია. იმუშავებენ თუ არა ისინი – ეს მათი ნება. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა და ადრე თუ გვიან ამ შეცდომაზე აგებენ პასუხს”, – აცხადებს დავით გაბაიძე.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე თანხმობა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა და პარტია დატოვა.