დმანისის გამგებელი გოგა ბარბაქაძე გაქნილი ინტრიგანია და არ მინდა ”ქართული ოცნებიდან” იყაროს კენჭი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.
ოქრიაშვილი გამოეხმაურა გოგა ბარბაქაძის განცხადებებს, რომელიც დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს.
ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ გამგებელი ”სულელურ განცხადებებს აკეთებს”.
”სისულელეზე პასუხების გაცემა არ მინდა, თუმცა მოგაწვდით ინფორმაციას, რომ წელიწადნახევრის წინ აუდიტის სამსახურმა გადაუგზავნა პროკურატურას მასალები დმანისის გამგეობასთან დაკავშირებით, სადაც არის დასმული კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ დმანისის გამგებელი წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. სამი ადამიანი, ვინც არ დაემორჩილა, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით გაათავისუფლა თანამდებობებიდან. აქედან გამომდინარე, ამ კორუფციული სკანდალების ფონზე ”ქართულმა ოცნებამ” არ წარადგინა, როგორც კანდიდატი. ის გაბრაზდა და ემოციურ ფონზე სისულელეებს სჩადის. მე მასთან საქმე არ მაქვს და არც მინდა მქონდეს. მის გონებრივ პოტენციალზე ძალიან სპეციფიური ხედვა მაქვს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ იყაროს კენჭი. პოლიციაშია ნამუშევარი და გაქნილი ინტრიგანია”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დმანისის გამგებელი და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გოგი ბარბაქაძე დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მასზე და სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი