რატომ აკეთებენ ამას, ისაა საკითხი – ჩვენ რაც გვინდოდა, ის არ ქენით, პარლამენტში შემოსვლაზე და იქ დეკორაციაზე ყოფნაზე, ახლა დაგსჯით და მოგიხსნით დაფინანსებას – ეს დამოკიდებულებაა სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „ნიუსრუმში” პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.
ამასთან, ბოკერიამ ისაუბრა პარტიების საარეჩვნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა “ავტორიტარიზმის ახალი ხარისხია”.
„მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეგისტრაციის გაუქმების თემა „ნაციონალური მოძრაობისთვის”. დაფინანსება როგორ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის, ამაზე შეიძლება დისკუსია, სხვადასხვა აზრი არსებობს. მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის რეგისტრაციიდან მოხსნა იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პოზიცია არ მოგწონს ან ძალიან არ მოგწონს, არის პუტინის რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. ასე იქცეოდა ხოლმე პუტინის რუსეთი. ხსნიდა ხოლმე ტექნიკური, აბსურდული საბაბით ოპონენტებს. როდესაც სხვა არალეგიტიმური მეთოდები არ გყოფნის და ფორმალურადაც არ აძლევს საშუალებას, რომ კონკურენციაში იყოს, ეს არის პუტინის რუსეთის ნაბიჯი”,- განაცხადა ბოკერიამ.
კობახიძის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომ მმართველმა გუნდმა საკუთარი წვლილი შეიტანა „რადიკალური ოპოზიციის” დაშლაში, ბოკერია ამბობს, რომ “ამ ტიპის განცხადებები არის დასტური, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს და იმ ტალღაზე ზის, რაც ივანიშვილის ტონალობაა”.
„ამიტომ ვუწოდებ მათ პოლიტიკურ „კლოუნებს“. მათ ეძახიან მონებსაც, თუმცა ისტორიულად მონები იძულებით იყვნენ და ამ ხალხის იძულება არ აქვთ, აირჩიეს ეს ცხოვრება. ხვალ ივანიშვილმა რომ დაავალოს კობახიძეს, რომ გამოდი და თქვი, გუშინ რაც ვთქვი, ეს იყო სისულელე და მე ვარ ნაძირალა, გამოვა და იტყვის”,- განაცხადა ბოკერიამ.
შეგახენებთ, რომ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.