მდინარაძე: თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს

349

ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზეც მიბმულია პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსება, არის ბარიერის გადალახვა და საპარლამენტო საქმიანობა – კითხვები ამასთან დაკავშირებით სამართლებრივად არარელევატურია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კანონის დღევანდელი დათქმაა, რომ პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ ის საპარლამენტო პარტია გახდება.

“მეტი კრიტერიუმი არ არის. თვალის ფერისა და სხვა გარემოებებისთვის არავინ პარტიას ფულს არ აძლევს. ის, რომ პარტია საპარლამენტო პარტია გახდა, ამიტომ ფინანსდება ბიუჯეტიდან. თუ პარტია ამ საქმიანობაზე, ამ კრიტერიუმის უზრუნველყოფაზე უარს ამბობს და არ ერთვება პარლამენტის საქმიანობაში თუნდაც პოლიტიკური ბოიკოტირების სტანდატული და ლეგიტიმური ფორმით, ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თუ არა მას საბიუჯეტო დაფინანსება, მსჯელობის საგანია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პარტია საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს, ის ბიუჯეტის ფულით არ უნდა დაფინანსდეს, ხოლო თუკი ბოიკოტირების ფორმით მაინც იღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, მას დაფინანსება უნდა მიეცეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ და “ბოიკოტისგან განსხვავებით, საბოტაჟი პარტიის უფლება არ არის“.

“საბოტაჟის რეჟიმიდან რომ გამოვიდნენ, სახელმწიფო ამის პოზიტიურ იძულებას გააკეთებს“, – დასძინა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, არამხოლოდ მანდატებს შეუჩერებენ, არამედ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებასაც შეუწყვეტენ. ამასთან, მისი თქმით, დააინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.