“არანაირ ფულზე ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება”,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს.
მისი თქმით, ერთადერთი მეთოდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად დარჩა, შანტაჟი და მუქარაა. უდუმაშვილის აზრით, ასეთი მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილს მალე მწარედ შეუბრუნდება.
“ეს არის ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობა. ასე შეგვიძლია შევაფასოთ ის განცხადება, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ერთადერთი მეთოდი, რომელიც ივანიშვილს ოპოზიციასთან საბრძოლველად დარჩა, ესაა შანტაჟი და მუქარა. „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სასურველი იქნება, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი, არ არსებობდეს პოლიტიკური ოპოზიცია. 8 წელია უკვე ბიძინა ივანიშვილი ემუქრება „ერთიან ნაციონალირ მოძრაობას“ რადარებიდან გაქრობით. თუმცა, ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით. რაც შეეხება დაფინანსების შეწყვეტას და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას, დიახ, ესაა სწორედ ის მეთოდები, რომლითაც პუტინი მართავს რუსეთს და ანალოგიური მეთოდებით ცდილობს ოლიგარქი ებრძოლოს პოლიტიკურ ოპონენტებს.
მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენს მხარდამჭერებს ხმა არ მოუციათ იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია მივცეთ მიტაცებულ არჩევნებს. ჩვენი გადაწყვეტილება არის მყარი და არ შეიცვლება. არანაირ ფულზე ეს გადაწყვეტილება არ გაიცვლება. ასეთი მეთოდებით ბრძოლა ივანიშვილს მალე მწარედ შეუბრუნდება”,-განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.