ბათუმის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მერიის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქმედითუნარიანი უნდა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ჩიქოვანის თქმით, თვითმმართველობა საბჭოსთან კომუნიკაციაში მაქსიმალურად იქნება და მზადაა მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
„მნიშვნელოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობა ბათუმის მერიის საქმიანობის ეფექტურობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით. მოსახლეობასა და მერს შორის უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რომელსაც საბჭო ეფექტურად და გამჭვირვალედ უზრუნველყოფს“ – განაცხადა ჩიქოვანმა.
დღევანდელ შეხვედრაზე არჩილ ჩიქოვანმა საბჭოს განსახილველად მომდევნო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
ახალი საბჭო მერის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და 14 წევრისგან შედგება. საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბათუმში არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და სხვადასხვა დარგობრივი უწყების წარმომადგენლები შედიან.
საბჭო მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს და მისი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავება. საბჭოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, თამარ გუდავა, თავმჯდომარის მოადგილედ რამინ მაჭარაშვილი, მდივნად კი, ალექსანდრე შერვაშიძე აირჩიეს.