პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა, ფართოვდება იმ დარგების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო მიწას 1 ლარად გადასცემს

665

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფართოვდება იმ ბიზნესსაქმიანობების, დარგების ჩამონათვალი, რომელთაც მიწას სახელმწიფო 1 ლარად გადასცემს.

„დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მორიგი ცვლილებები და დაზუსტებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სხვადასხვა კომპონენტში. მათ შორის, ვფიქრობ, რომ საყურადღებოა რამდენიმე ცვლილება. ჩვენს ბიზნესებს მოეხსენებათ, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მოქმედებს ამ პროგრამის ფარგლებში, როდესაც ჩვენ გადავცემთ 1 ლარად ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო ვალდებულებების და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. ეს პრაქტიკა აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. ჩვენ ახლა გავაფართოვეთ იმ დარგების ჩამონათვალი, თუ რა დარგებში შეიძლება, რომ ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. ამისთვის მიმართავს ჩვენს ქონების მართვის სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით, ინვესტიციის აღების ვალდებულებით და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ მას ეს მიწა გადაეცემა. ეს დარგები არის, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად, სადაც დასაქმების დიდი შესაძლებლობა იქმნება, ეს არის ასევე ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარის და ჩარხების წარმოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ანუ ლოჯისტიკური სერვისები და საწყობები, ასევე აქ არის პროფესიული ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, საწარმოებს კონკრეტულ ვადებში, კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვება აღარ მოუწევთ.

„როდესაც ჩვენ ბიზნესები მოგვმართავენ და ვუსუბსიდირებთ სესხის პროცენტის დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ ვუწესებთ გარკვეულ ვალდებულებებს. ასეთი ვალდებულებები არის ინვესტიციის შესრულება, დასაქმების რაოდენობა, პროფილის შენარჩუნება და დღემდე იყო ვალდებულება კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების. ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად იქცა. ამიტომ ხშირად მოგვმართავდნენ ბენეფიციარი საწარმოები, რომ გადახედილიყო პროდუქციის რაოდენობა, რასაც ისინი აწარმოებენ. ამას სრულიად ვიზიარებთ და მთავრობამაც გაიზიარა. ვამარტივებთ ამ მიდგომას და ეს ვალდებულება მოიხსნება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, პროგრამაში ასევე შევიდა დაზუსტება, რომლის თანახმადაც ტურისტული სერვისების ინდუსტრიას სახელმწიფოს სუბსიდირება იმის მიუხედავად ჩაერიცხებათ, რამდენად დროულად გადაიხადეს მათ თავისი თანამონაწილეობის წილი.

„ამის ინიციატორები იყვნენ სასტუმროები, რომლებიც განლაგებულნი არიან ზამთრის კურორტებზე. მათთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვის. კერძოდ, მათ დღემდე სესხის პროცენტის თანადაფინანსება ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც შეზღუდული აქვთ საბრუნავი საშუალებები და ზოგს შემოსავალი საერთოდ არ აქვს. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და ჩვენი სუბსიდია ჩაერიცხებათ მიუხედვად იმისა, რამდენად დროულად გადაიხადეს მათ თავისი თანამონაწილეობის წილი,”- განაცხადა თურნავამ.