წელს სახელმწიფომ 170 მილიონი ლარის ქონება გაყიდა

313

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში – 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი – 1,154,734 ლარი.

დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1,190 აუქციონი გამოაცხადა.

“პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება.

2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვა იყო, რომელიც საქართველო რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი.

რამდენიმე დღის წინ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 მსხვილი ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 43.7 მილიონი ლარია.

მიმდინარე წელს გაყიდული მსხვილი ობიექტებიდან აღსანიშნავია, ე.წ „რიყის დოქები“, რომელიც მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე, 10 020 000 ლარად ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა. ამასთან, წელს გაიყიდა ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა, რომელიც 16 მილიონ ლარად გასხვისდა რუსეთის მოქალაქის კუთვნილ კომპანიაზე. 40 მილიონ ლარად გაიყიდა წყნეთის სამთავრობო აგარაკები.

აღსანიშნავია, რომ დაბალია სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის ტემპები. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე მხოლოდ 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა.

მართალია ქონების სააგენტოში პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალედ მიმდინარეობას უსვამენ ხაზს, თუმცა ექსპერტების ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით ხედავს გამოწვევას. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 19 დასკვნიდან, რომლებიც პროკურატურას გადაეგზავნა, ერთ-ერთი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში იყო. მასში არაერთ დარღვევაზე იყო საუბარი, მათ შორის პროცესის გაუმჭვირვალობაზე.

მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.