ოჯახები, რომლებიც “ხელმისაწვდომ საცხოვრისში” ბინას ელოდებიან, შესაძლოა, პროგრამის მიღმა დარჩნენ. ბათუმის საკრებულოს მხარდაჭრით, მერიამ, კრიტერიუმები გასულ კვირას შეცვალა, მანამდე მოქმედი პირობების გათვალისწინებით კი, 200-ზე მეტი განაცხადი უკვე შეტანილია.
ახლებურად განისაზღვრა სულადობები, ასევე გაიზარდა მინიმალური საშემოსავლო ზღვარი და მაგალითად, თუ კი მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობისთვის აქამდე ყოველთვიური გადასახადი თანხის ორმაგი შემოსავალი საკმარისი იყო, ახლა შემოსავლის სამმაგი ოდენობაა საჭირო. რატომ დაიგეგმა ცვლილებბა ე.წ. “იაფი სახლის” პროექტში, რომლის კრიტერიუმების შედგენასაც წლები შეალიეს, – თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნათია კვაჭაძე მარტოხელა დედაა. იგი ორ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. ამბობს, რომ ხელმისაწვდომი საცხოვროვრისის პროგრამაში განაცხადს ვერ ავსებს. ხელს არსებული კრიტერიუმები უშლის, რადგან მისი ყოველთვიური შემოსავალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა ითვალისწინებს.
“ხელმისაწვდომ საცხოვრისში” ბინის მისაღებად, ბათუმის საკრებულომ, 2018 წელს დამტკიცებულ კრიტერიუმებში ცვლილებები გასულ კვირას შეიტანა. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, თუ კი აქამდე, ოჯახის შემოსავალი, გადასახდელი თანხის ორმაგი უნდა ყოფილიყო, ახლა, განმცხადებელს სამმაგი შემოსავლის ქონა მოეთოვება. ვის რა ოდენობის ფართზე შეუძლია განაცხადის შეტანა, თვითმმართველობამ ახლებურად განსაზღვრა წესები ამ ნაწილშიც.
რატომ გახდა ცვლილებები საჭირო და რა მიზანს ემსახურება იგი, მერიაში ამბობენ, რომ კრიტერიუმები უმნიშვნელოდ შეიცვალა. დავით კოპინაძე ფიქრობს, რომ შემოსავლების ორმაგიდან სამმაგ ოდენობამდე მოთხოვნა, ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება იანვარში დაიგეგმა და ფორმალური სახე მხოლოდ ახლა მიიღო. დანიშნული მერის მოავლეობის შემსრულებელი ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, სახეცვლილ დოკუმენტს იურიდიული ძალა ახლახანს მიეცა, განაცახდების მიღება, მარტში, ამ ახალი მოთხობვნების შესაბამისად აწარმოეს.
განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. რეგისტრაცია 350-მდე ოჯახმა გაიარა. მერიაში გვარწმუნებენ, რომ დოკუმენტების შესწავლა დაწყებულია, თუმცა რა დრო დასჭირდება იმ 80 ოჯახის შერჩევას, რომლებიც “ხელმისაწვდომ საცხოვრისში” ბინების ყიდვას შეძლებენ, ვერ აკონკრეტებენ.