აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე დაკავებული 7 პირი გაათავისუფლეს

331

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული შვიდი პირი გათავისუფლებულია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა საქმის გასაცნობად 21 დეკემბრამდე ვადა ითხოვა, ხოლო მეშვიდე დაკავებულის საქმე სასამართლომ განიხილა და 1000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული ხათუნა ბერიძე აცხადებს, ისინი ხვალ საგამოძიებო ორგანოს სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ერთ-ერთ ქალბატონს პოლიციელი სექსუალურად ავიწროებდა.

“ვგეგმავთ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოს მივმართოთ, რადგან პოლიციელის მხრიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე, ჩვენი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ქალბატონს დაკავებისას ავიწროებდა. მოვითხოვთ, რომ გამოძიების დაწყება სწრაფად მოხდეს”, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

ცნობისთვის, გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც აქციის მონაწილე შვიდი პირი დააკავეს.