თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მერიის მიერ სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მათი განცხადებით, აქციები გაგრძელდება.
EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის კოტე ერისთავის თქმით, მერია ისე ასახლებს ხალხს, რომ არანაირი გეგმა არ აქვს.
“ბატონმა მერმა დღეს ახსენა უკანონობა, რომ არსებობენ კარგი ღარიბები, რომლებიც კანონს არ არღვევენ და არსებობენ ცუდი ღარიბები, რომლებიც კანონს არღვევენ, ამ შემთხვევაში კანონს არღვევს ცალსახად მერია, როდესაც ზამთარში, პანდემიის დროს, როცა გამოსახლებები შეჩერებულია, ასახლებს ადამიანებს ისე, რომ გეგმა არ აქვს საერთოდ. ამ სახელმწიფოს ათწლეულია არ აქვს გეგმა, როგორ დააკმაყოფილოს უსახლკაროები, როგორ დაეხმაროს ღარიბებს, ეს არის უსამართლობა”, – განაცხადა ერისთავმა.
დედაქალაქის მერიამ დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.
კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით დღეს რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.