ოპოზიცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებს

409

ოპოზიცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანო „რუსული ოცნებით“ დაკომპლექტდა და მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დღეს პარტიები სიებს ჩახსნიან.

“31 ოქტომბერს „რუსულმა ოცნებამ“ არჩევანი მოიპარა. ჩვენ ხალხის ერთგული დავრჩით და არ ვაპირებთ რუსულ კომუნისტურ უმაღლეს საბჭოში შესვლას. დღეს პარტიულ სიებს ჩავხსნით და ამისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მივმართავთ. როგორც კი სიას ჩავხსნით, ყველა დეპუტატი დატოვებს მანდატს”,- განაცხადა ბაგრატიონმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატები უკვე აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან. თავის მხრივ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის განცხადებები არასერიოზულია და ამბობენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” პრიორიტეტი არის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერება.

“დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავირჩევთ. ასევე ოპოზიციის სიებზე და განცხადებებზე უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არასერიოზულობის პიკია და ყოველგვარ რეალობას ცდება. მათი მხრიდან ელჩებზე თავდასხმები ხდება”,- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.