მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა, – ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც USAID/Georgia ავრცელებს.
USAID-ის შეფასებით, ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა.
“USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან “სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად.
მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.