ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის #55-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ კვირას საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც შეკრებილები აცხადებდნენ, აღნიშნულ ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ ავარიული საცხოვრებელი კორპუსი უფრო დააზიანა.
მოსახლეობის ბათუმის მერიას მიმართავს და აცხადებს, რომ გზის მშენებლობის დასრულებამდე ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანონ, ან მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეწყდეს.
მათ პროტესტის ნიშნად ქუჩაც გადაკეტეს.
“ეს კორპუსი, აშენების დღიდან ავარიულად ითვლებოდა. კორპუსთან გზის მოწყობა, რომ დაიწყეს და მძიმე ტექნიკას უნდა ევლო, მერიას არაერთხელ მივმართეთ, რომ გზის გაკეთება შეეჩერებინათ ან ავარიული კორპუსი დაეშალათ და მოსახლეობა ალტერნატიული ფართებით დაეკმაყოფილებინა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ვიდრე ჩვენი ალტერნატიული ფართის მშენებლობა დასრულდება, მძიმე ტექნიკის მოძრაობა შეიზღუდოს ან დროებითი ფართები გადმოგვეცეს, რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვრებთ, ვიდრე ალტერნატიულ ფართში საცხოვრებლად გადავალთ. ავარიულია კორპუსი და შესაძლოა დაიშალოს”,- განაცხადა აქციის მონაწილე ელგუჯა ჯაფარიძე.