დეკანოიძე: მნიშვნელოვანია, როგორ გაიგეს კობახიძემ და მდინარაძემ „ისფედის“ ერთი თუ ორი პროცენტი ცდომილება და შემოუცურეს ოპოზიციას ეს წინადადება

457

ყველას მინდა ვუთხრა, მათ შორის აჟღურტულებულ „ქართულ ოცნებას“, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს. იმ ოქმებშიც კი, რომელიც დათვალეს და რომელ უბნებზეც, არსებობს 8-პროცენტიანი ცდომილება, რომელიც საერთო შედეგზე ახდენს გავლენას, დაახლოებით 4.1 პროცენტით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, „ისფედის“ პარალელური დათვლა არ ახდენს იმ ხმების დათვლას რომელიც არის კარუსელით, მოსყიდული, ადამიანებზე მუქარით და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, როგორ გაიგო კობახიძემ და მდინარაძემ „ისფედის“ ერთი თუ ორი პროცენტი ცდომილების შესახებ და შემდეგ აი, ასე შემოუცურა ოპოზიციას ეს წინადადება, მათ შორის ელჩებთან ერთად. როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. მიმაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ძალიან სერიოზული გამოძიება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივიჩნევ როგორც ღია მაგალითად, ფარული მიყურადების, თვალთვალისა და მონაცემთა ბაზაში უკანონო შეღწევის. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან სასურველი იქნებოდა ორგანიზაციის სანდოობისთვის, რომ უფრო დეტალური კომენტარი გაკეთდეს. ყველა ადამიანის აჟიოტაჟს, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი გავლენას ახდენს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა რბილად რომ ვთქვათ, არის „ქართული ოცნების“ გზავნილი. მე, როგორც ადამიანს, რომელიც ენდობოდა ამ ორგანიზაციას, მაქვს ეჭვი, რომ ნამდვილად ეს იყო ფარული მიყურადების ფაქტი, რადგან წარმოუდგენელია ასე უცბად ოპოზიციის ელჩებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე გაჩნდეს წინადადება, რომელიც შემდეგ ჟღერდება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ როგორ შესუსტდა ოპოზიციის პოზიციები, პირიქით განგაში იმაზე არის ასატეხი, რომ 8%-იანი დისბალანსი მაინც 4%-იან ცდომილებას ქმნის და როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში და გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განახლებული მონაცემების თანახმად, “ქართულ ოცნებას” 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. “ქართულ ოცნებაში” აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.