მათი მოწოდებები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამიტომაც ვარ მოლაპარაკებებში, სადაც გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს.
როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია მოლაპარაკებებს იმიტომ აგრძელებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები დაბრუნდეს.
„ევროალტლანტიკურ ინტეგრაციას ყველაზე მეტად სწორედ დემოკრატიის ხელყოფა შეუშლის ხელს, ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკებებში სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უკან დავაბრუნოთ. თუ საქართველოში არ არსებობს ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუცია, ძლიერი სასამართლო, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით. ამიტომ ილუზია ის არ არის, რომ ვიღაც მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირში მიგვიღებს. ევროკავშირში შესვლა თუ გვინდა, ფუნდამენტურად უნდა ჩავატაროთ ის რეფორმები, რომელიც დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებებს და თითოეული მოქალაქის ინტერესებს“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.
როგორც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, დასანანი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში.
ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს.
ევროპარლამენტის წევრმა, ესტონელმა პოლიტიკოსმა ურმას პაეტმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ხელს შეუშლის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას.