“ქართული ოცნების” მოქმედი და ყოფილი გამგებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს. მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.
დმანისის მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე და ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის სახელით მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს. ისინი საკუთარ მოვალეობას ამ დრომდე ასრულებენ. საინიციატივო ჯგუფებმა გოგი ბარბაქაძე დმანისის მერობის კანდიდატად, ხოლო ლევან ცაბაძე – ასპინძის მერობის კანდიდატად წარადგინეს.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, ასევე, ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძეც. ის გამგებლად 2012 წლის შემდეგ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა.
სულ, საქართველოს მასშტაბით, მერობის 15 დამოუკიდებელი კანდიდატია დარეგისტრირებული.