ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “რესპუბლიკელების” განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.
მისივე თქმით, ოპოზიციაში კრისტალიზაციის პროცესია და ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა.
“ჩემთვის ტესტი პოლიტიკოსის თუ პარტიის არის, ვინ აქტიურობს მათი ქმედების შეფასებისას. “რესპუბლიკური პარტია” თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მე მათ ვერაფერში დავეხმარები. ბოიკოტის ტესტი არ არის დღეს, ვინ მივა და ვინ არ მივა იმ გაყალბებულ პარლამენტში, ტესტი არის იურიდიულად დარჩები თუ არა ამ სიბილწეში, რასაც ივანიშვილი პარლამენტს არქმევს. შესაბამისად, ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში ჩემთვის და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. მე ამას ოპოზიციაში დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, ეს არის კრისტალიზაციის პროცესი და გეტყვით, რომ ყველა პროცესს სჭირდება თავისი იუდა და ვინც ამ მძიმე ხვედრს და როლს, ძალიან უმადურს ისტორიულად თავის თავზე აიღებს, ეს მისი ჯვარია და თვითონ ატაროს”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის პარალელურად მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერას განაგრძობს.