ბათუმის მუნიციპალიტეტში ადლიის დასახლება წყლისა და საკანალიზაციო სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან აღებული 60 მილიონი, რომელიც შემოერებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, მთავრობამ წელს კოვიდპანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართა, საჭირო თანხები კი ბათუმის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში არ ჩანს.
როგორ ცხოვრობს მოსახლეობა იქ, სადაც წყალსაც კუსტარულად იღებენ და ღია საკანალიზაციო ჭებიც ხელით აქვთ გათხრილი, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე კი დასახლებაში მაინ მშენებლობის ბუმია, – ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ლამარა ბებო, ადლიის დასახლებაში 62 წელია ცხოვრობს. ზუსტად ამდენი ხანია ონკანში წყალი საცხოვრებლის მიმდებარედ, საკუთარი ძალებით გაკეთებული ჭიდან მოდის. რამდენად ვარგისია კუსტარულად მიღებული წყალი სასმელად, არავინ იცის.
შაინიძეების მსგავსად, ასე მოიპოვებს წყალს ადლიაში თითქმის ყველა ოჯახი. დასახლებაში, წყალმომაგარება უზრუნველყოფილი არ არის.
არხს, რომელსაც ახლა სულიკო შანთაძე ასუფთავებს, სამეზობლოში მოხმარებული წყალი ჩაედინება. ეჭვობს, რომ რიგი ოჯახები, საკანალიზაციო ქსელის ნაცვლადაც, ამავე არხით სარგებლობენ, რადგან ადლიაში, არც ეს სისტემაა გამართული. ხშირად შეხვდებით, გვერდიგვერდ მოწყობილ წყლისა და კანალიზაციის ჭებსაც.
ადლიის დასახლება, ბათუმს ათი წლის წინ შეუერთდა, თუმცა სიკეთეები ადგილობრივებმა ვერ დაინახეს. ამბობენ, რომ მხოლოდ მისამართი შეიცვალეს.
მიუხედავად იმისა, დასახლებას ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ აქვს, კერძო სახლების ნაცვლად, სასტუმროები, აპარტამენტები თუ მრავალბინიანი კორპუსები მაინც ინტენსიურად შენდება. ნებართვებს მერია თამამად გასცემს და მშენებელბსაც ისეთივე გამოსავალი აქვთ ნანახი, როგორიც კერძო მოსახლეობას, მხოლოდ ერთი განსხვავებით – დეველოპერები გაცილებით დიდ საკანალიზაციო ჭებს თხრიან. პრობლემის სიმძიმის მიუხედავად, ინვესტორების ნაწილს საჯაროდ საუბარი არ სურს.
მიწისქვეშა კომუნიკაციის კეთილმოწყობა, ქალაქში, 13 წლის წინ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხით დაიწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, უნდა გამართულიყო სისტემა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზეც, გამოიყო 60 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაო. ბოლო ხელშეკრულება გასულ წელს გაფორმდა, თუმცა მთავრობამ 2020 წლის ზაფხულში გეგმა შეცვალა და თანხა პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა.
წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება ახლა დასახლებაში გაურკვეველი ვადითაა გადადებული. როდის განახლდება სამუშაოები, ბათუმის მერიაში არ გვპასუხობენ. ფაქტი კი ასეთია: ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მიწისქვეშა გამართვისთვის, ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის.