ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენის მაგისტრალი, წყაროს კაპტაჟები, სანიტარული ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს.
„წყალმომარაგების განახლებული სისტემით სოფელ არშაში მცხოვრები 150-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 821 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „თბილისი“ ახორციელებდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება : რეაბილიტაცია უტარდება გზებს, უმჯობესდება წყალმომარაგება, ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია განცხადებაში.