„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციის წევრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხაზარაძის თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ ერთმანეთზე თავდასხმისგან.
„მთავარი იდეა რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.
ასევე დღეს ელისაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ და საბოტაჟით დაკავდნენ.