ელისაშვილი: ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ, საბოტაჟით არიან დაკავებულები

483

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო] ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანონ დეტალები და მოლაპარაკებები ჩაშალონ.

“საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრა ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა, ჩავშალო”, — ამბობს ელისაშვილი.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

მესამე რაუნდი 7 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის მოლოდინია.