მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კოვიდ პაციენტებისათვის 40 საწოლი გამოიყო

317

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსით ინფიცირებულებისათვის 40 საწოლი გამოიყოფა. რადიო „მარნეულს“ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ კლინიკას ჰიბრიდული სტატუსი მიენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულება როგორც კოვიდდადებით ისე, საბაზისო სამედიცინო სერვისების მიმღებ პაციენტებს მოემსახურება.

Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის გამოყოფილი 40 საწოლიდან 8 რეანიმაციულია.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ საწოლფონდის გამოყოფასთან დაკავშირებით განცხადება „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა 8 დეკემბერს გააკეთა. მისი განმარტებით, მარნეულთან ერთად, საწოლფონდი ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაშიც გამოიყოფა.

„ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, – განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

კორონავირუსზე მკურნალობასთან ერთად მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“, ისევე როგორც მარნეულის კიდევ 8 სამედიცინო დაწესებულებაში, სწრაფი ტესტების გაკეთებაცაა შესაძლებელი.

მარნეულის და ბოლნისის წითელ ზონად გამოცხადების და ჩაკეტვის პერიოდში მარნეულის „ჯეო ჰისპიტალსის“ კლინიკას ცხელების ცენტრის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. რეგიონში ინფიცირებულები ამ კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები რის შემდეგაც ისინი კორონავირუსის სამკურნალო სპეციალიზებულ კლინიკებში გადაყავდათ.