ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა: პანდემიის ფონზე, ბიუჯეტის 99% ავითვისეთ

412

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის 99%-ის ათვისება მოხდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მისი განმარტებით, პანდემიამ დაგეგმილ პროექტებს გარკვეულწილად ხელი შეუშალა, თუმცა ის რაც მუნიციპალიტეტს წელს ჰქონდა გათვალისწინებული, ყველა სათანადო წესის დაცვით მაინც განხორციელდა.

“პანდემიის გამოცხადებიდანვე ჩვენმა მუნიციპალიტეტმა მიიღო ზომები და კვების პროდუქტების დარიგება დავიწყეთ, რაც დამეთანხმებით იმ მომენტისთვის ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იყო. ფქვილის, ზეთის და შაქრის მიწოდება დევნილთა დასახლებებში შეიძლება ითქვას, რომ პირველებმა ვაწარმოეთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოებს რაც შეეხება, ბერბუკის და კარალეთის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდა, ბერბუკში ახლაც მიმდინარეობს (კარაკეთში დასრულდა). იატაკის შესაკეთებლად, სათანადო მასალებიც დავარიგეთ 4 დასახლებაში – თელიანში, მეტეხში, ხურვალეთსა და საქაშეთში. სოციალური პროგრამებიც თითქმის ყველა განხორციელდა. 11 სოციალური პროგრამა გვაქვს და სრულად განხორციელდა. 2020 წლის ბიუჯეტი 99%-ით ათვისებულია. ნაშთი ძალიან ცოტაა და დარჩენილ პერიოდში ისიც გაიხარჯება. იმედი გვაქვს, მომავალი წელი გასულზე უკეთესი იქნება“,- ამბობს გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი.