ჯაფარიძე: ვადამდელი არჩევნები პრინციპულია, შესაძლოა, გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში

723

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები პრინcიპული საკითხია, რომელიც, შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვან საკითხში გაიცვალოს. ამის შესახებ ჯაფარიძემ რუსთავის 2-ის ეთერში ისაუბრა.

“ის რეალობა, რომ ქართული ოცნება დათმობს რაიმე მნიშვნელოვანს, რაც იქნება ვადამდელი არჩევნების საპირწონე, არ დგას. რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაზე ის იყო, რომ გავიარეთ პუნქტობრივად ქართული ოცნების შემოთავაზება, ისევე, როგორც ოპოზიციის შეთავაზება. ვნახეთ, სად იყო გადაკვეთის წერტილები. ვადამდელი არჩევნები არის პრინციპული საკითხი და ის შეიძლება, გაიცვალოს ძალიან მნიშვნელოვანს საკითხში”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავენ, რათა პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს და კრიზისი, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა, განიმუხტოს.  სამშაბათს, 8 დეკემბერს, გაიმართა შეხვედრების მეოთხე რაუნდი.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. ამ დროისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესვლას არ აპირებენ და თუ ვინმე აპირებს, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობაა.