ბაკურიანში მცხოვრებლები მთვრობას შეზღუდვების შემსუბუქებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

441

ზამთრის სეზონს ბაკურიანი დაკეტილი რესტორნებით, სასტუმროებით, გაჩერებული საბაგიროებით და ჩაკეტილი სათხილამურო ტრასებით ხვდება. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კურორტი დამსვენებლის, ადგილობრივები კი, რომელთა უმრავლესობაც თავს გაყიდვებით ირჩენდნენ, შემოსავლის გარეშე დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადგილობრივების ნაწილს თავი თხილამურების გაქირავებით გაქონდა, თუმცა იმის გამო რომ სათხილამურო ტრასები დაკეტილია, კურორტს დამსვენებლები არ სტუმრობენ, ადგილობრივები კი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

სასრიალო ტრასების გახსნას ითხოვენ კორორტში მცხოვრები ახალგაზრდებიც. მათი თქმით, ბაკურიანის შემოსავლის გარეშე დარჩენა, რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ცუდად აისახება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსახლეობის 90% თავს ბინების, საოჯახო სასტუმროების და აპარტამენტების გაქირავებით ირჩენს. რეგულაციების გამკაცრება კი მათთვის დამღუპველი იქნება. მათივე თქმით, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები უნდა შეამსუბუქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავენ.

„ვთქვათ სასტუმროში არ მივიღე სტუმარი, მაღაზია მქონდა აქსესუარების, ცენტრში ისიც დამიკეტეს, ყველაფერს გვიზღუდავენ. მაღაზიაზე მაინც დაერთოთ ნება ფანჯრის პრინციპით ვიმუშავებდით. ჩვენ სესხებს ვერ გადავიხდით, უბრალოდ პურის ფული რომ დაგვრჩეს მაგის უფლებასაც არ გვაძლევენ. ასე თუ გაგრძელდება, იძულებულები ვიქნებით, რომ პარლამენტის წინ წავიდეთ და კარავი გავშალოთ“, – ამბობს სასტუმრო „ვილა ფაგუსის“ მეპატრონე გიორგი მეტრეველი.

პანდემიის ფონზე გამოწვეულმა კრიზისმა, პრობლემები შეუქმნა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც. შემცირებული გაყიდვების გამო, კომპანიებს სესხით უწევს მშენებლობების დასრულება.

ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის მარიკა მაკიევის განმარტებით, გასულ წლებში კურორტზე დამსვენებელი დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ჩადიოდა, დაწესებული აკრძალვების გამო კი, ასობით ჯავშანი გაუქმდა.