კობახიძე: ალბათ, შეხვედრა ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება

329

ალბათ, შეხვედრა ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც უკავშირდება ხელახალ არჩევნებს. ბევრი დრო არაა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„განწყობა იყო საქმიანი და საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება, ზოგიერთებს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. მგონია, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ბუნებრივია, არსებობს შეთანხმების დედლაინი; ესაა პარლამენტის პირველი სხდომის დღე. გამომდინარე იქიდან, რომ კვირის ბოლომდე, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს, არსებობს შეთანხმების მიღწევის ვადა და ამ ვადის ფარგლებში, იმედია, მივაღწევთ შეთანხმებას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.