თალაკვაძე: მსურს იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმების გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება

349

პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი დიალოგი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურებოდა.

„ეს ნამდვილად ემსახურებოდა პოზიციების დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება, მისი გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.