მაჭავარიანის პასუხი პოლონეთის ელჩს: ტენდერს იგებს საუკეთესო და თუ ეს ჩინური კომპანიაა, რატომაც არა?

411

“ტენდერის ჩატარებისას იგებს ის კომპანია, ვინც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა?”, — ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი პოლონეთის ელჩს საქართველოში, რომლის განცხადებითაც, მისთვის გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველო გზების მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიებს იწვევს, მაშინ, როცა პოლონეთსაც შეუძლია კარგი გვირაბების მშენებლობა. ამის შესახებ On.ge წერს.

“აქ არის არა მხოლოდ ევროკავშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის ფული, აქ არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ფული და ყველა იმ მსხვილი პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ფინანსდება. აქ არის ძალიან გამჭვირვალედ და ძალიან ზუსტად გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ტენდერი, ის ტარდება იმ წესებითა და სტანდარტებით, რომელსაც ეს დონორი ორგანიზაციები ითხოვენ”, — განაცხადა მან.

პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ მაშინ, როცა ძალინ კარგი კომპანიები არსებობს ავსტრიაში, გერმანიაში თუ პოლონეთში, რომელსაც მაღალი ხარისხის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვს, მისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს საქართველო არჩევანს ჩინეთზე და ევროკავშირის თანხებით, რატომ თანამშრომლობს მასთან.