რუსთავის ცენტრალურ პარკში გასული წლის მსგავსად საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა. როგორც რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, გაუქმდა ყველა სახის საახალწლო ღონისძიება და აქტივობა, რომელიც ქალაქში იყო დაგეგმილი.
შანიძის თქმით, მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ამოქმედებული კოვიდრეგულაციები გახლავთ.
როგორც რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, წინასაახალწლო აქტივობებიდან, წელს, მხოლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის ტრადიცია არ გაუქმდება.
შეგახსენებთ, გასულ წელს პირველად, საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ გარემოში, რუსთავის დასვენებისა და კულტურის პარკში მოეწყობილ სოფელში მიმდინარეობდა. პარკში დღესასწაულის აღსანიშნავად 3 დღიანი გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი.
ინფორმაციისთვის, რუსთავის მერიამ შეამცირა საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარებისთვის გამიყოფილი ბიუჯეტიც. წელს ქალაქის მოსართველად 75 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი დაიხარჯება.