ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები არ დარიგდება, ქალაქის ქუჩებსაც წინა წლებში ნაყიდი განათებებით მორთავენ. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის მიზერული თანხა დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის მერია 2021 წლის აღსანიშნავად, თავდაპირველად 14 100 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით ეს თანხა 4 000–ლარამდე შემცირდა.
„განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ხარჯები უნდა შემცირდეს, ბიუჯეტიდან 4 000 ლარი გამოიყოფა. ტენდერი აღარ იქნება გამოცხადებული, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მორთავენ ქუჩებს და დადგამენ ნაძვის ხეს. ძველი განათებებით მოვრთავთ ქუჩებს, ახალს არაფერს ვიყიდით, არც საჩუქრები და ტკბილეული გვექნება წელს“, – აცხადებს ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
საკრებულოს გადაწყვეტილებას ეთანხმება ახალქალაქის მერიც, იურიკ უნანიანიც. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებებისთვის თანხის შემცირება ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნაც იყო.
„სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ნაკლებს დავხარჯავთ, იგივე მოთხოვნა აქვს ცენტრალურ ხელისუფლებასაც. 14 100 ლარი მოვითხოვეთ ახალი განათებების, ტკბილეულობის, საჩუქრებისთვის, მაგრამ საკრებულომ არ დაამტკიცა და თანხის შემცირება მოგვთხოვა“, – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.