აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მიიღო.
სხდომას არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები„ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. სხდომის მუშაობაში ოპოზიციიდან მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი მონაწილეობდა. სხდომას „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის გამო ვერ დაესწრო კომისიის მუდმივმოქმედი წევრი.
საბოლოო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ“, შვიდი კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ვინაიდან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა რაოდენობა 21-ია, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პოლიტიკური სუბიექტებს სჭირდებათ ბუნებრივი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. რაც მხოლოდ ორმა პარტიამ მოახერხა.
კანონის თანახმად, უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მეორე ტურიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 21 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.
„ნაციონალური მოძრაობ“ა უარს ამბობს უმაღლეს საბჭოში შესვლაზე, თუმცა მათ უსკო-სთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე არ მიუმართავთ.
სხდომა ხმაურის გარეშე დასრულდა. სხდომის შემდეგ უსკო-ს შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია დაიწყო.