აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

447

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ულამაზესი „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნა, რომელსაც უამრავი ბათუმელი და ქალაქის სტუმარი დაესწრო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისინფორმაციით, ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ საფესტივალე ტერიტორიაზე სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ. გალაკონცერტში მონაწილეობას ისეთი პოპულარული ბენდები იღებდნენ, როგორებიცაა – „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და BSU Techno Band Offside. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 20:00 საათზე დაიწყო და ღამის 3 საათამდე DJ გაბუნიას, DJ გურულისა და DJ ჩიკის პროგრამით დასრულდა. დღის განმავლობაში საზაფხულო თეატრსა და ზღვის სანაპიროზე ფრანების შოუ და სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ზაფხულს აჭარა უამრავი სიახლით ხვდება, სადაც ტურისტებს საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთაში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები, პროდუქტები და სერვისები ელოდებათ. მათ შორისაა კაპნისთავი და უჩხო კანიონები, სადაც თავგადასავლების მოყვარულებს კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვება შეუძლიათ. ასევე ფუნქციონირებს საპიკნიკე ზონები და ტურისტული თავშესაფრები ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში, 6 კილომეტრიანი ექსტრემალური ველომარშრუტი ქედა-შუახევში და 20-მდე სხვადასხვა შინაარსის ტურისტული ბილიკი მთიან აჭარაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.