ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციამ დაძაბულ გარემოში, ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა საჭირო პროცედურა

574

წინა სტატია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი.

როგორც მან ხუთშაბათს ბრიფინგზე აღნიშნა, მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით, რაც მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული ამომრჩეველი არის უმნიშვნელოვანესი, მათი აქტივობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უპირველესი და მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მადლობას უხდის საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა იმ მხარეს, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას და ხელი შეუწყვეს კენჭისყრის დღის პროფესიულ გარემოში წარმართვას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ სხვადასხვა ასპექტებით გამოწვეულ დაძაბულ გარემოში, ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმების მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მასობრივად ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია დამოუკიდებელი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით და რაც მთლიანობაში წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილს, კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების მთლიანი პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, კანონიერ ძალაში შესულია საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელთა საფუძველზეც, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ წევრებად არჩეული არიან №41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკომ 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.