არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ დმანისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის ღირსება, უსაფრთხოება და სახლში დაბრუნება უზრუნველყონ. ისინი რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესებს შემაშფოთებელს უწოდებენ. დეპუტატს ოჯახის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები მე-2 დღეა ეძებენ.
NGO-ები მომხდარს სავარაუდო პოლიტიკური შევიწროებად აფასებენ. მათი თქმით, საკრებულოში ოპოზიციისა და ხელისუფლების დეპუტატთა თანაბარი რაოდენობის გამო, მმართველმა გუნდმა, ამ გზით, სავარაუდოდ, რამაზანოვის მხარდაჭერის მოპოვება დაისახა მიზნად.
“ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხელისუფლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მიუღებელია. ის არსებითად აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს. ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა უმძიმესი გამოცდილება, როდესაც სავარაუდო პოლიტიკური შევიწროების და ზეწოლის გამო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რიგ შემთხვევებში კი, ადამიანების სიკვდილით დამთავრდა (მაგალითად, ია კერზაიას საქმე, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე). როგორც ჩანს, პერიფერიებში ამგვარ პრატიკას კიდევ უფრო მძიმე და შიშველი ფორმები აქვს”, — აცხადებენ ისინი.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ რამიზ რამაზანოვმა 2 კვირის წინ განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდნელად, სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიცია დატოვა. ისინი აქვე დასძენენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სკოლის დირექტორების უკანონო მიყურადებისა და მასობრივი კონტროლის შესახებ, შემაშფოთებელია.
“ამგვარი გამოცდილებები მოქალაქეებს უკარგავს ნდობას პოლიტიკური პროცესების მიმართ და პარალიზების ეფექტი აქვს მათი პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამგავრ პრაქტიკას დამატებითი სოციალური შინაარსი აქვს, მით უფრო, რომ რამდენიმე თვის წინ დმანისი მძიმე დაძაბულობის ადგილი იყო”, — ამბობენ ისინი.
არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ და საქმის დაუყონებლივ გამოძიებასა ითხოვენ. მათივე განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ასეთი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები უნდა გაიაზროს და “პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს”.
განცხადებას ხელს 6 ორგანიზაცია აწერს:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).
რამაზანოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 8 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რამაზანოვს სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახური დაჭერით ემუქრებოდა, გუშინ კი მათთვის გაურკვეველმა პირებმა წაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. საკრებულოს წევრმა, ლევან მოსაშვილმა განაცხადა, რომ რამაზანოვი ორი კვირის წინ სკოლის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ჰუსეინ ისმაილოვი ამბობს, რომ ბოლოს საუბრისას რამაზანოვმა მას უთრა: “ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან უნდა შევიდე, ან თავი უნდა მოვიკლაო”. მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში მასთან კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებენ, რადგან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დმანისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, სადაც 3 დეკემბერს საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩა. სხდომას ქართული ოცნების 15 დეპუტატი ესწრებოდა, ქვორუმისთვის კი 16 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.