საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალანსებულია. გახარიას თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის მიზნები პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისა და ბიზნესის მიზნობრივი სოციალური დახმარება და ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენისთვის მომზადებაა.
“მოგეხსენებათ, გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლიც ძირითადი მოცულობა 1 მლრდ 420 მილიონი ლარია, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 000 000, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ2021 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული”, — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ციფრების ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერაა. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტში დამატებით 450 000 000 ლარი განისაზღვრება, რომლის ძირითადი ხარჯები კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ასევე, ვაქცინების შესყიდვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია იქნება.
“მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 000 000, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 000 000 ლარი. მომავალი წლის ბიუჯეტში, ასევე, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად საკანონმდებლო დონეზე არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი პენსიის ზრდისთვის”, — აღნიშნა მან.
გახარიას განცხადებით, საკმაოდ სერიოზული თანხებია გათვალისწინებული დევნილების საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის და ეს 103 000 000 ლარი გახლავთ. მისივე თქმით, კოვიდის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც 4 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება. გახარია ამბობს, რომ განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსებაც გაიზრდება.