აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. მისივე თქმით, რეზო ხარაზი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს.
„პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. იგი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ამიტომ დავაკავეთ. ბუშტის გაშვებას არავინ არ უშლით. შეგნებულად პროვოცირებაზე მოდიან, ამაზე რამდენჯერმე მიეცა შენიშვნა”,- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები მიიტანეს წარწერით – “მონობა ტეხავს” და ბოძებზე განთავსებას ცდილობდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე ადამიანი.