აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.
„რეზო ხარაზს ბუშტი ეჭირა ხელში და ამის გამო დააკავეს. უკვე რამდენიმე დღეა ბუშტის გამო ადამიანებს აკავებენ, მათ შორის სტუდენტებს. თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით აკავებენ ადამიანებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს წარწერით “მონობა ტეხავს”. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ბუშტების ბოძებზე დამაგრების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.
თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი მთავრობის სახლის შესასვლელთან ბოძზე ავიდა და ბუშტები მაინც დაამაგრა.
„თორნიკე რიჟვაძეს უნდა ესმოდეს, რომ პოლიციელი მამის გამოგზავნილი ადამიანები სულ ვერ დაიცავენ და ისინი დასრულდებიან”,- აცხადებს რეზო ხარაზი.
აქციის მონაწილეები პროტესტს შეძახილებით „მონები“ აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადმინისტრაციული წესით დააკავეს რამდენიმე ადამიანი.