ფონდი „ტასო“ სოციალურად აქტიურ ადამიანებს შემოსავლიანი ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება

536

სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ფონდმა „ტასომ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ექვსი პროექტი დააფინანსა. ეს პროექტები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ნორვეგიის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ამის შესახებ სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

სოფელ თეთრაწყაროში ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „იასამანის“ წევრები  თეონა ვეფხვაძე, მაგული ბერაძე და მურმან ნამგალაძე საპონს, თაფლსა და სოკოს აწარმოებენ.

უახლოეს დღეებში ნარგიზი გორგაძე თეთრაწყაროში 2 ათას კვმ მიწის ფართობზე 40 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგების გაშენებას გეგმავს.

ქალთა თვითდახმარების ჯგუფ „იასამანის“ წევრმა თინა დავაძემ ხარაგაულში ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების მცირე საწარმო ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით დაიწყო. თინა საკუთარ პროდუქციას, ძირითადად, თბილისის მაღაზიებში ყიდის. თუმცა, შეკვეთებს კერძო პირებისგანაც იღებს.


ფონდი „ტასოს“ ერთ-ერთი ბენეფიციარია ხარაგაულში მცხოვრები დალი ჭყოიძე. მან ფონდის მხარდაჭერით საცხობი მოაწყო.

„ძალიან მსურდა საცხობის გაკეთება, – ამბობს დალი ჭყოიძე, – თუმცა, ამისთვის შესაბამისი ფინანსები არ მქონდა. ოჯახის მეგობრის, ნინო გველესიანისგან ფონდი „ტასოს“ პროექტის შესახებ შევიტყვე. ქალთა თვითდახმარების ჯგუფში გავწევრიანდი, ტრენინგებში ჩავერთე და პროექტი დავწერე.

ფონდისგან მხარდაჭერის მიღების შემდეგ საცხობი ღუმელი, მაგიდა, ჩოფერი, მიქსერი და სასწორი შევიძინე. საცხობი საკუთარი ფინანსებით გავარემონტე და საქმიანობა ფუნთუშების გამოცხობით დავიწყე.

კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი საქმიანობით. ყველას ვურჩევ, იაქტიურონ. ყოველდღიური შემოსავალი მაქვს. მადლობა ფონდ „ტასოს“, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მომცა“.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის მარტში  ფონდი ტასოს დირექტორი მარინა თაბუკაშვილი ხარაგაულში ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ, აქტიურ ქალებს შეხვდა და პროექტი – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ – გააცნო.

მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ ფონდის პრიორიტეტია ითანამშრომლონ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც განვითარებისკენ ისწრაფვიან.

ფონდი „ტასოს“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები საკუთარ წარმატებაში სათემო მუშაკის, ნინო გველესიანის განსაკუთრებულ როლზე საუბრობენ.

ნინო ოჯახთან ერთად, ათ წელზე მეტი, ფინეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ორი წლის წინ ხარაგაულში, სოფელ თეთრაწყაროში დაბრუნდა.

„სოფლებში მოსახლეობას, სოფლის მეურნეობის გარდა, დასაქმების სხვა საშუალება არ აქვს, – ამბობს ნინო გველესიანი, – ფონდი „ტასოს“ პროექტმა ახალი პერსპექტივები გააჩინა. გარდა საგრანტო დაფინანსებისა, ადამიანები მიხვდნენ, რომ უნდა იყვნენ სოციალურად აქტიურები, მომთხოვნები ხელისუფლების მიმართ და პასუხისმგებლიანები საკუთარ საქმეში.

პროექტის  – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური განვითარებისთვის“ – ერთ-ერთი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს გრძელვადინი პროცესია, მაგრამ მიღწევადი. ფინეთში არავინ იტყვის ასეთ რამეს – არჩევნებზე არ წავალ, მაინც არაფერი შეიცვლებაო. სამოქალაქო აქტიურობას იქ საბავშვო ბაღის ასაკიდან ასწავლიან.

თვითდახმარების ჯგუფში ისეთი ადამიანების შემოკრებას ვცდილობ, რომლებიც მარტო თანხის მიღებაზე არ არიან  ორიენტირებულები, მათ აქვთ სურვილი, რომ გარემო პირობები უკეთესობისკენ შეცვალონ, პასუხისმგებლობა აიღონ და იდეის გარშემო გაერთიანდნენ.

ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ მარტო სოციალური დახმარებით ფონს ვერ გავალთ. უნდა გვქონდეს ძლიერი მოტივაცია და საქმის კეთება არ უნდა დაგვეზაროს“.