ადიგენის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, ლალი ბალახაშვილის განცხადებით, მათი ჰოსპიტალი კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ინფიცირებულებისთვის 30 საწოლია მობილიზებული, ასევე აქვთ ორი მართვითი სუნთქვის აპარატი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამ ეტაპზე კლინიკაში15 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პაციენტების მიღებამდე თანამშრომლები წინასწარ გადაამზადეს.
„28 ნოემბრიდან გადაკეთდა კლინიკა სრულად კოვიდკლინიკად, რომელიც გათვლილია 30 საწოლზე, ასევე გვაქვს ორი მართვითი სუნთქვის აპარატი. ამჟამად ჩვენთან 15 პაციენტი მკურნალობს. საწოლფონდის დამატება არ იგეგმება სრულად გვაქვს ათვისებული არსებული ტერიტორიული რესურსი “, – ამბობს ადიგენის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ლალი ბალახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სრული დატვირთვით მხოლოდ ახალციხეში მდებარე კლინიკა “იმედი” იღებდა, რეგიონში ეს მეორე კლინიკაა, რომელიც სრული დატვირთვით იმუშავებს კოვიდპაციენტებზე.
კოვიდინფიცირებულებს იღებენ ახალციხის და ნინოწმინდის რეფერალური ჰოსპიტლებიც, აქ ჰიბრიდული მეთოდით მუშაობენ, შენობების ნაწილი ინფიცირებულების პალატებს ეთმობა.
მომავალი წლის დასაწყისიდან კოვიდკლინიკად გადაკეთდება ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაც.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 280–მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 791 ადამიანი, გარდაიცვალა –19.