აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა.
ირაკლი ჩხვირკია სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, რომლებიც პროტესტის 24 – საათიან რეჟიმში იმყოფებიან.
“იმის შეფასებას არ დავიწყებ, რაც აქ მოხდა დღეს და ბუშტის გამო, რომ რიჟვაძემ დავალება მისცა პოლიციელებს, ეძალადათ საკუთარ მოქალაქეებზე. პოლიცია მედავებოდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სასამართლოზე განაცხადეს, რომ მე თორნიკე რიჟვაძის მისამართით „მონა“, „ჩმორო“ და სხვა მსგავს სიტყვებს ვამბობდი. დიახ, ვამბობდი, კიდევ მივალ ხვალ, ზეგ და იგივეს გავიმეორებ. წინააღმდეგობის ნაწილი არ დამიდასტურდა, რადგან დაკავების მომენტში მე ვთვლიდი, რომ უკანონოდ მაკავებდა პოლიცია, არ მქონდა არანაირი დანაშაული და გადაცდომა, ამას გავუწიე წინააღმდეგობა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ სამართლიანი იყო ეს პროტესტი. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არც ერთი პოლიციელისთვის, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო რიჟვაძის შეურაცხყოფის ნაწილი.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ თორნიკე რიჟვაძის მიმართ “კომპლიმენტები” ღირს 500 ლარი, რასაც არ გადავიხდი”, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
ცნობისთვის, ირაკლი ჩხვირკია სამართალდამცავებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების დროს ადმინისტრაციულად, 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს.